ქართული კულტურის ღირებულებები
ქართული კულტურის ღირებულებები
1.თავისუფლება.
2.გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების უნარი.
3.დაუმსახურებელი ლიდერობის სურვილი.
4.კანონზე,წესებზე დაუმორჩილებლობა.
5.ღვინის კულტურა.
6.მიმნდობი ბუნება.
7.სტუმართმასპინძლობა.
8.საკუთარ ქვეყანაში ღირებული და მნიშვნელოვანი ადამიანის,ნაწარმოების ან კულტურული მახასიათებლის დაუფასებლობა.
მოკლედ და გასაგებად,რომ ვთქვა ღირებულება შეიძლება ცხოვრების ძირითად და უმნიშვნელოვანეს პრინციპად განვიხილო,რაც რეალურად განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების წესს. ღირებულებათა წარმოქმნის საფუძვლები გარკვეულ ტერიტორიაზე მოსახლე ეთნოსის ისტორიულ წიაღში, სხვადასხვა სოციო-პოლიტიკურ მდგომარეობაში, რელიგიასა და სხვა გარე ფაქტორებში უნდა ვეძებოთ.ღირებულებები თავის მხრივ ასახულია ისტორიაში, ასევე ლიტერატურაში და ენის თავისებურებებში,თუმცა იგი ვლინდება თანამედროვე ყოფაქცევაშიც.
საქართველო გამოირჩეოდა ტრადიციების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით. ქართველთა ეს მცირე ეთნოსი ორ ათასწლეულზე მეტი განიცდიდა სხვადასხვა კულტურებისა და ცივილიზაციების გავლენას,რის გამოც იკარგებოდა ბევრი მნიშვნელოვანი ტრადიცია თუ კულტურული ნიშანი.
ქართველთა უმნიშვნელოვანესი ღირებულება არის თავისუფლებისკენ სწრაფვა. თითქოს ეს გენეტიკურ მახასიათებლად იქცა,რაც გამოწვეულია დამპყრობლების წინააღმდეგ ფიზიკური და იდეოლოგიური ბრძოლებით. ამან გამოგვიმუშავა გადარჩენისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების უნარი,რაც გარკვეულწილად დღესდღეობით ქართველთა შინაგან,ფარულ თავმოყვარეობში ვლინდება. აღვნიშნოთ,რომ ქართულ რეალობაში თავისუფლება ხშირად თავკერძობით იცვლებოდა და დღესაც იცვლება.,ხოლო თავმოყვარეობა უაზრო სიამაყით.
ქართველებს ახასიათებთ განსაკუთრებული სწრაფვა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გამყარებისკენ. წარსულში ამის მაგალითია თავადები და აზნაურები,რომლებიც ძალაუფლების გამყარებით იყვნენ შებყრობილნი. ხოლო დღეს თავკერძობის, ანუ საკუთარი შესაძლებლობების გაუანალიზებლობის მაგალითია საქართველოში უკანასკნელ წლებში პარტიების სიმრავლე. უნდა ვთქვა,რომ დაუმსახურებელი ლიდერობისკენ გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი სწრაფვა უარყოფით გავლენას ახდენს ჩვენზე. ყველას დიპლომი და კაბინეტი უნდა მიუხედავად უნარისა და დამსახურებისა. თაობათა ცნობიერების ხრწნას და სრულ დეგრადირებას სწორედ დაუმსახურებელი ლიდერობის სურვილი გამოიწვევს.
ქართველთა კიდევ ერთი ,,მომხიბვლელი“ ღირებულება არის წესებზე არ დამორჩილება, რაც ზემოთ ხსენებული თვისებების შედეგია. ყველა საკუთარ სიმართლეს ,,აწესებს“ და ა.შ. ამის შედეგი კი ხშირად მოძრაობის წესების სრული უგულებელყოფა და უამრავი ადამიანის მსხვერპლად შეწირული სიცოცხლეა.
ასევე გვაქვს უმნიშვნელოვანესი ღვინის კულტი,თუმცა ქართველები დროსტარებისა და ჭამა-სმის მოყვარული საზოგადოებაა,რომლებიც თვითონვე იწვევენ ფასეულობათა გადაგვარებას. მათი ალკოჰოლისადმი მიდრეკილებით ხელს უწყობენ ღვინის კულტის გადაგვარებას.
ვფიქრობ, აღსანიშნავია ქართველთა მიმნდობი ბუნებაც,რომლის მაგალითია ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებული მეგობრული დამოკიდებულება. თუმცა,შემდეგ ამას მოსდევს ,,დაღმართი“,ანუ აღნიშნული მიმნდობი ბუნებით გამოწვეული ხშირი ღალატი და შედეგად ერთმანეთის მიმართ ნდობის დაკარგვა.
სტუმართმასპინძლობა კარგია,მაგრამ იგი ხშირად შემაწუხებელ ახირებას ემსგავსება,არაფრის მომცემი და უსარგებლო სადღეგრძელოებით,უსაფუძვლო დაპირებებით და დავგადაკლული სმით ყველაფერი უფასურდება.
დაბოლოს,დასავლური იდეოლოგიების გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ვეღარ ხედავ საკუთარ ქვეყანაში კარგს. ქართული ღირებულებები ჩრდილქვეშ რჩება და შესაბამისად დაკარგვა ემუქრება მაშინ, როცა ქართველებს კონსერვატიზმი გვახასითებს. დამპყრობლების მოყენებული ზარალის აღდგენას მხოლოდ გააზრებული და თანამედროვეობას მორგებული კონსერვატიზმით შევძლებთ და დავიბრუნებთ მთავარ ღირებულებას,რომელსაც შეგნებული თავისუფლება ჰქვია, რადგან იგი ერის გადარჩენის უმთავრესი წინაპირობაა.
ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტრადიციების ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებას ხელს უწყობს არსებული საზოგადოების სწორი განვითარება, პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა, გათვიცნობიერებულობა, განვითარების სურვილი და განათლების დონის ზრდა. ეს შესაძლებელს გახდის ცხადად დავინახოთ სად გადის ზღვარი კარგ და ცუდ, ან სასარგებლო და უსარგებლო ღირებულებას შორის.